Home   Ambassador Info   Embassy Info   Foreign Ministry Spokersperson's Remarks   Bilateral Relations   Consular Service   Economy & Trade   Education   Science & Tech   Culture
    Home > News
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიმართვა ჩინურ ახალ წელთან/გაზაფხულის ფესტივალთან დაკავშირებით
2017/01/27

თბილისი, 2017 წლის 26 იანვარი

თქვენო აღმატებულებავ ბატონო ელჩო ძი იანჩი,

პატივცემულო კოლეგებო,

ქალბატონებო და ბატონებო,

· მოხარული ვარ, და ეს ჩემთვის დიდი პატივია, რომ წელსაც მაქვს საშუალება მოგმართოთ ამ უმშვენიერეს დღესასწაულთან - გაზაფხულის ფესტივალთან დაკავშირებით, რომლითაც თქვენ, ჩვენი ჩინელი მეგობრები, აღინიშნავთ ახალი წლის დადგომას. გილოცავთ ახალ წელს და ვისურვებდი ეს წელი ყოფილიყოს თქვენთვის ბედნიერების, წარმატებებისა და კეთილდღეობის მომტანი.

· ამ ღირსშესანიშნავ დღესთან დაკავშირებით, მოხარული ვარ განვაცხადო, რომ საქართველოსა და ჩინეთის მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები დღეს უფრო ინტენსიურია, ვიდრე ოდესმე, რასაც ნათლად ასახავს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში ბოლო დროს განვითარებული პროცესები.

· გასული წლის პერიოდში საქართველოსა და ჩინეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობა კიდევ უფრო ინტენსიური გახდა. ამის თვალსაჩინო მაგალითია ჩვენს ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასრულება. ვაგრძელებთ და გვსურს უფრო გავაღრმავოთ ერთობლივი თანამშრომლობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიერ ინიცირებული უმნიშვნელოვანესი გლობალური პროექტის „ერთი გზა - ერთი სარტყელის“ ფარგლებში. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენს ურთიერთობებს უკვე ძლიერი საფუძველი აქვს, რაც უდავოდ ქმნის ახალ შესაძლებლობებსა და პერსპექტივებს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გასაღრმავებლად.

· უკვე წლებია, რაც ჩინეთი ინარჩუნებს ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორის და სავაჭრო პარტნიორის პოზიციებს საქართველოში. სულ უფრო თვალსაჩინოა ჩინური კომპანიების დაინტერესება; იზრდება ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის მოცულობა.

· მნიშვნელოვნად გაიზარდა ორმხრივი მაღალი და უმაღლესი დონის კონტაქტებისა და ვიზიტების რიცხვი, როგორც ჩინეთში, ასევე საქართველოში, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ორ მეგობარ ერს შორის დიალოგის გაღრმავებას და ხალხთაშორის კონტაქტების განმტკიცებას.

· მიმდინარე წელს აღინიშნება საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილე და ამ ღირსშესანიშნავ თარიღთან დაკავშირებით, იგეგმება მთელი რიგი კულტურული ღონისძიებები, როგორც საქართველოში ასევე ჩინეთში.

· აქვე ვსარგებლობ შემთხვევით და მსურს მადლიერება გამოვხატო ჩინეთის ხელისუფლების მიმართ, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. თავის მხრივ, საქართველო განუხრელად უჭერს მხარს „ერთი ჩინეთის პოლიტიკას“.

· მწამს და ვიმედოვნებ, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობებში არსებული პოზიტიური ტენდენციები მომავალ წლებშიც გაგრძელდება.

· ბატონო ელჩო, მადლობას მოგახსენებთ გულითადი მასპინძლობისთვის ამ შესანიშნავ საღამოს.

· მინდა შემოგთავაზოთ საქართველოსა და ჩინეთის მტკიცე მეგობრობის სადღეგრძელო და ვუსურვო ჩვენს ქვეყნებს მუდმივი წინსვლა, კეთილდღეობა, და ბედნიერი ახალი წელი.

გან პეი (გაუმარჯოს)



[Suggest to a Friend]
       [Print]