Home   Ambassador Info   Embassy Info   Foreign Ministry Spokersperson's Remarks   Bilateral Relations   Consular Service   Economy & Trade   Education   Science & Tech   Culture
    Home > News
ელჩის მიმართვა გაზაფხულის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ სინოლოგთა მიღებაზე
2017/01/27

(2017 წლის 26 იანვარი, სასტუმრო „ხუალინი")

პატივცემულო მინისტრო, ძვირფასო სტუმრებო, მეგობრებო:

საღამო მშვიდობის!

მოხარული ვარ, რომ შევიკრიბეთ, რათა ერთად შევეგებოთ მთვარის კალენდრის მიხედვით ჩინური ახალი წლის დადგომას. პირველ რიგში, ჩინეთის საელჩოს სახელით მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის, გილოცავთ დამდეგ მამლის წელს, გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებას, ბედნიერებასა და კეთილდღეობას.

ახლა, როდესაც ვაცილებთ ძველს და ვეგებებით ახალს, არ შეიძლება არ გავიხსენო გასული 2016 წელი, რომელიც ჩინეთისთვის იყო მტკიცე წინსვლისა და მდგრადი განვითარების წელიწადი. მსოფლიო ეკონომიკასა და ჩინეთის ეკონომიკურ ტრანსფორმაციაში არსებული გამოწვევბისდა მიუხედავად, კომპარტიისა და პრეზიდენტ სი ძინფინის ხელმძღვანელობით და „განვითარების ხუთი ძირითადი კონცეფციის" შესაბამისად, ესენია: ინოვაცია, კოორდინაცია, „მწვანე" განვითარება, გახსნილობა და განაწილება, ჩინელმა ხალხმა შეძლო პროგრესის მიღწევა და თან სტაბილურობის შენარჩუნება, ეკონომიკური განვითარების ახალი ნორმების დადგენა, ზომიერად შეძლებული საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესის დაჩქარება და მე-13 ხუთწლედისთვის კარგი დასაბამის შექმნა. გასული ერთი წლის განმავლობაში, ჩინეთის მშპ მაჩვენებელი 6.7%-ით, მოსახლეობის საშუალო სუფთა შემოსავალი 6.3%-ით, ხოლო მსოფლიო ეკონომიკაში ჩინეთის კონტრიბუცია კი 30%-ით გაიზარდა.

ჩინეთი საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნვასთან ერთად, სხვებსაც არ ივიწყებს. იგი აქტიურად მონაწილეობს მსოფლიო მართვის სისტემის ტრანსფორმაციის პროცესში. გასულ კვირას, პრეზიდენტი სი ძინფინი იმყოფებოდა მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, სადაც იგი ისტორიული მნიშვნელობის სიტყვით გამოვიდა, სახელწოდებით „ერთად ვიტვირთოთ ჩვენი ეპოქის პასუხისმგებლობა და ხელი შევუწყოთ გლობალურ განვითარებას". მან ისაუბრა ეკონომიკური გლობალიზაციის, დინამიური განვითარების მოდელის, ღია და ყველა მხარისთვის სასარგებლო თანამშრომლობის მოდელის, რაციონალური და სამართლიანი მართვის მოდელის, დაბალანსებული განვითარების მოდელის შექმნის აუცილებლობაზე, ასევე ხაზი გაუსვა მიზნად საერთო მომავლის მქონე საერთაშორისო საზოგადოების ჩამოყალიბების, კაცობრიობის წინაშე ერთიანი პასუხისმგებლობის ქონის, ერთმანეთთან თანამშრომლობის და დაბრკოლებების ერთად გადალახვის მნიშვნელობას. მძიმე ეკონომიკური პროცესების ფონზე, ჩინეთის პრეზიდენტის გამოსვლა მეხის გავარდნასავით გაისმა, გაჟღერდა პრობლემების გადაჭრის ჩინური გამოსავალი, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

2016 წელი ჩინურ-ქართული ურთიერთობების სწრაფი განვითარების და ნაყოფიერი შედეგების მომტანი წელი იყო. დიდ პროგრესს მივაღწიეთ „ერთი სარტყელი, ერთი გზის" მშენებლობის საქმეში. ივნისში, ჩინეთის ვიცე-პრემიერ ჭანგ გაოლის წარმატებული ვიზიტი შედგა საქართველოში, ხოლო ივლისში ვიცე-პრემიერი, დიმიტრი ქუმსიშვილი ეწვია შანხაის, ძიანგსისა და სხვა რეგიონებს, მიღწეულ იქნა ყოვლისმომცველი პოლიტიკური კოორდინაცია „აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელის" განვითარებისთვის. 2016 წელს, საქართველოში განხორციელებულმა ჩინურმა ინვესტიციებმა 600 მლნ აშშ დოლარი, ხოლო ორმხრივმა სავაჭრო ბრუნვამ 717 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასულ წელზე მეტია (0.56%). 30-მდე ჩინური კომპანია აქტიურად თანამშრომლობს ქართულ მხარესთან ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, ფინანსების, სოფლის მეურნეობის, ინდუსტრიული ზონების, ლოჯისტიკის, ტელეკომუნიკაციებისა და სხვა სფეროებში. მიღწეულ იქნა მაღალი დონის, ყოვლისმომცველი შინაარსისა და დაბალანსებული ინტერესების მქონე შეთანხმება ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ეკონომიკური, ტექნიკური და საინვესტიციო თანამშრომლობისთვის და ვაჭრობაში ბარიერების მოხსნისთვის.

როდესაც ვსაუბრობთ პოლიტიკასა და ეკონომიკაში წარმატებული თანამშრომლობის შესახებ, არ უნდა დავივიწყოთ ასევე ძალიან მნიშვნელოვანი სფერო - ესაა თანამშრომლობა კულტურისა და განათლების მიმართულებით. კულტურა და განათლება „ერთი სარტყელი, ერთი გზის" მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია, რომელიც საკვანძო როლს თამაშობს ხალხთა შორის კავშირების გასამყარებლად. თითოეულ თქვენგანს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენ ერებს შორის ურთიერთგაგების გაღრმავების საქმეში. საქართველოში ჩინური ენის სწავლება ნულიდან დაიწყო, „საღამოს სკოლის" ტიპის კურსებიდან იმდენს მიაღწიეთ, რომ დღეს საქართველოში ფუნქციონირებს კონფუცის ინსტიტუტი და 20-ზე მეტ უნივერსიტეტსა და საშუალო სკოლაში ისწავლება ჩინური ენა. აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ქართველი ხალხი არის ბრძენი და შორსმჭვრეტელი, რომელმაც გასული საუკუნის 80-იან წლებშივე დაინახა თუ რა მნიშვნელობას შეიძენდა ჩინური ენა 21-ე საუკუნეში. თქვენ აღზარდეთ არა ერთი ჩინურის სპეციალისტი, რომლებიც ჩართულები არიან პოლიტიკის, ეკონომიკის, კულტურისა და განათლების სფეროებში. დღეს 20 ქართველი სტუდენტი სწავლობს ჩინეთში ჩვენი მთავრობის დაფინანსებით, საქართველოშიც ჩამოვიდა 2 ჩინელი სტუდენტი. თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტი ს საქმიანობა დღითიდღე უფრო და უფრო წარმატებულია. 1000-ზე მეტი სტუდენტი და მოსწავლე ეუფლება ჩინურ ენას. თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტმა - მარიამმა „ჩინური ენის ხიდის" საერთაშორისო კონკურსზე მესამე ადგილი მოიპოვა, რითაც ქართველ სტუდენტებს შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა. გარდა ამისა, გაფართოვდა ჩინური ენის სწავლება თბილისის ღია უნივერსიტეტში, სადაც გაიხსნა კონფუცის კლასი, რომელიც წელს დაიწყებს სტუდენტების მიღებას. საქართველო-ჩინეთის კულტურის ცენტრში „აბრეშუმის გზა" ითარგმნა და გამოიცა მო იენის მოთხრობების კრებული, ამჟამად კი მიმდინარეობს მუშაობა ახალ წიგნზე „კავკასია და აბრეშუმის გზა". მალე გამოვა ქართველ სინოლოგთა ასოციაციის მიერ შედგენილი პირველი ქართულ-ჩინური ლექსიკონი. ქართველი ჟურნალისტებისთვის ჩატარდა მედია-ტური ჩინეთში, რაც მათ უკვე ბევრჯერ გააშუქეს. კულტურისა და განათლების სფეროში თანამშრომლობის ენერგიული განვითარება ხელს უწყობს ჩვენი ხალხების კიდევ უფრო ერთმანეთთან დაახლოვებას, რაც თითოეული თქვენგანის შრომისა და ჩვენი მთავრობების მხრიდან მხარდაჭერის შედეგია. მინდა გულითადი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც აქ არის და მათაც, ვინც დღეს გვაკლია.

წელს ჩინეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს აღვნიშნავთ. იმედი მაქვს და მჯერა, რომ თითოეული თქვენგანი გამოიყენებს ორი ქვეყნის ურთიერთობებში შექმნილ ამ ხელსაყრელ მომენტს და კიდევ უფრო მეტ სინოლოგსა და ჩინეთმცოდნეს აღზრდით „ერთი სარტყელი, ერთი გზის" მშენებლობისთვის. იმედია, უფრო მეტი ქართველი ჩაერთვება ამ „საუკუნის" პროექტში, ხელს შეუწყობს საქართველოს განვითარებას და კეთილდღეობას და ჩინეთ-საქართველოს შორის საქმიანი და მეგობრული ურთიერთობების განვითარებას. ჩვენ ყველა სფეროში მივიღებთ ქართველ მეგობრებს ჩვენ რიგებში. ჩინეთის საელჩო მუდამ მზადაა მხარდაჭერისა და დახმარებისთვის.

ბოლოს, მსურს შევსვა ჩინეთისა და საქართველოს კეთილდღეობის სადღეგრძელო. დაე, ჩვენ ქვეყნებს შორის მეგობრობა საუკუნოდ გაგრძელდეს! თითოეულ თქვენგანს ვუსურვებ ულევ სიხარულს და ყოველივე საუკეთესოს.



[Suggest to a Friend]
       [Print]