Home   Ambassador Info   Embassy Info   Foreign Ministry Spokersperson's Remarks   Bilateral Relations   Consular Service   Economy & Trade   Education   Science & Tech   Culture
    Home > News
„გახსნილობა - კეთილდღეობისთვის, ინოვაცია - უკეთესი მომავლისთვის"
2018/04/23

„გახსნილობა - კეთილდღეობისთვის, ინოვაცია - უკეთესი მომავლისთვის“

ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინფინგის მიმართვა ბოაოს აზიის ფორუმზე

(2018 წლის 10 აპრილი, კუნძული ხაინანი, ბოაო)

პატივცემულო სახელმწიფოს მეთაურებო, მთავრობის მეთაურებო, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებო, მინისტრებო,

პატივცემულო ბოაოს აზიის ფორუმის საბჭოს წევრებო,

ძვირფასო სტუმრებო,

ქალბატონებო, ბატონებო, მეგობრებო:

გაზაფხულზე ხაინანის მთებზე ბალახი ბიბინებს, ზღვა ლურჯად კამკამებს, ჰავა მზიანი, თბილი და სასიამოვნოა. ამ შესანიშნავ სეზონზე სხვადასხვა ქვეყნის საპატიო სტუმრები 2018 წლის ბოაოს აზიის ფორუმზე დასასწრებად შეიკრიბნენ. ერთი ხაინანური ხალხური სიმღერის მიხედვით: „დიდი ხნის უნახავ მეგობარს შეხვდები, შეხვდები, მაგრამ მაინც გენატრება“. მოხარული ვარ, რომ დღეს ჩემს ძველ და ახალ მეგობრებთან კიდევ ერთხელ შეხვედრის შესაძლებლობა მომეცა.

პირველ რიგში, ჩინეთის მთავრობისა და ჩინელი ხალხის სახელით, ასევე პირადად ჩემი სახელით მსურს გულითადად მივესალმო თითოეულ სტუმარს. გილოცავთ წლევანდელი ფორუმის გახსნას!

ბოაოს აზიის ფორუმი დაარსების დღიდან ხელს უწყობს აზიის საკითხებში კონსენსუსის მიღწევას, იძლევა რჩევებს თანამშრომლობისა და ეკონომიკური გლობალიზაციის განვითარებისა და „კაცობრიობის ერთობლივი განვითარებისთვის საერთო მომავლის მქონე საზოგადოების“ ჩამოყალიბებისათვის. ფორუმზე შემუშავებულ იქნა „ბოაოს გეგმის“ სახელით ცნობილი არაერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი. წელს ფორუმის მმართველი საბჭოს გადარჩევის წელია. მინდა ვისარგებლო შემთხვევით, რათა მადლობა გადავუხადო საბჭოს ძველ წევრებს, ახლადარჩეული წევრების მიმართ კი გამოვხატო გულითადი მილოცვა.

წლევანდელი ფორუმის თემაა „ღია და ინოვაციური აზია მსოფლიოს კეთილდღეობისა და განვითარებისთვის“, რაც შეესაბამება ეპოქის ტენდენციებსა და ასახავს მხარეთა მოლოდინებს. დარწმუნებული ვარ, საპატიო სტუმრები და წარმომადგენლები თავისუფლად და ჯეროვნად გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებებს.

ქალბატონებო, ბატონებო, მეგობრებო!

ისტორია ყოველთვის საჭირო მომენტში გვაძლევს ცოდნის შეძენისა და წინსვლის ძალას. 2018 წელს რეფორმებისა და გახსნილობის პოლიტიკის დაწყებიდან 40 წელი, ხოლო ხაინანის პროვინციისა და მისი სპეციალური ეკონომიკური ზონის შექმნიდან 30 წელი შესრულდა. ხაინანის პროვინციას „რეფორმებისა და გახსნილობის პოლიტიკის პირმშო“ შეგვიძლია ვუწოდოთ. მის შედეგად, ხაინანი ერთი იზოლირებული და ჩამორჩენილი საზღვრისპირა კუნძულიდან ერთ-ერთ ყველაზე გახსნილ და მზარდ რეგიონად იქცა ჩინეთში, რომელმაც სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხრივ უზარმაზარ წარმატებას მიაღწია.

როგორც წყლის ერთი წვეთი ირეკლავს მზის სხივს, ისე ერთ ადგილს შეუძლია იყოს ქვეყნის სახე. ხაინანი ჩინეთის რეფორმებისა და გახსნილობის პოლიტიკის ორმოცწლიანი ისტორიის მნიშვნელოვანი მოწმეა.

1978 წელს ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-11 ყრილობის ცენტრალური კომიტეტის მესამე სხდომაზე დენ სიაოფინის ინიციატივით ჩინეთი რეფორმებისა და გახსნილობის ისტორიულ გზას დაადგა. სოფლებიდან ქალაქებამდე, საპილოტე პროექტებიდან მიღწევების საყოველთაო გავრცელებამდე, ეკონომიკური წყობიდან რეფორმების ყოველმხრივ გაღრმავებამდე, ჩინელმა ხალხმა ბოლო 40 წლის მანძილზე დიდი გზა განვლო და ერთობლივი ძალისხმევითა და შეუპოვარი წინსვლით ქვეყნის განვითარების ისტორიაში ახალი თავი დაწერა.

40 წლის მანძილზე ჩინელმა ხალხმა შეუპოვარი და დაჟინებული ბრძოლით მნიშვნელოვნად გაზარდა საზოგადოების პროდუქტიულობა. ხალხს შრომა დაუფასდა და მათ გარჯამ შედეგი გამოიღო. ჩინელი ხალხი განაგრძობს გულისყურით მუშაობასა და შენებას, რეფორმებისა და გახსნილობის გზაზე სვლას, თავაუღებლად და შეუპოვრად სწრაფვას ქვეყნის გრანდიოზული გარდაქმნისკენ. დღეს ჩინეთი უკვე არის მეორე ეკონომიკა, პირველი ინდუსტრია, პირველი სავაჭრო ქვეყანა და სავალუტო რეზერვის უმსხვილესი მფლობელი მსოფლიოში. 40 წლის მანძილზე, ჩინეთის მშპ-ს წლიური ზრდა საშუალოდ 9.5%-ს, ხოლო საგარეო ვაჭრობის ზრდა - 14.5%-ს შეადგენდა. ხალხის ცხოვრების დონე გაუმჯობესდა, სიღარიბიდან ზომიერ კეთილდღეობას მიაღწია. გაეროს ამჟამინდელი სტანდარტების მიხედვით, ჩინეთში სიღარიბეს თავი 7 მილიონმა კაცმა დააღწია, რაც ამ პერიოდის მთელი მსოფლიოს საერთო მაჩვენებლის 70%-ზე მეტია.

40 წლის მანძილზე მუდმივი ძიებისა და შეუპოვარი წინსვლის შედეგად, ჩინელმა ხალხმა დასაბამი დაუდო ჩინური სპეციფიკის სოციალიზმს. ჩინეთი ითვალისწინებს ქვეყნის გარემოებებს, თან თვალს ადევნებს მთელი მსოფლიოს ამბებს. ჩინეთი მხარს უჭერს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და საკუთარი ძალებით მოქმედებას, მაგრამ ამავდროულად, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს გახსნილობასა და ყველა მხარისათვის მომგებიან თანამშრომლობას; ინარჩუნებს სოციალისტურ წყობას, მაგრამ თან სოციალისტური საბაზრო ეკონომიკის რეფორმას ატარებს; „ფეხით ქვებს სინჯავს და მდინარეს ისე ლახავს“, მაგრამ თან მაღალ დონეზე დაგეგმარებას აძლიერებს, მუდამ ახალ საკითხებს იკვლევს, ახალ პრობლემებს წყვეტს, ახალ გამოცდილებას აგროვებს, წარმატებით მისდევს ჩინური სპეციფიკის მქონე სოციალიზმის კურსს. ჩინელი ხალხის წარმატება რეალობაში ამტკიცებს, რომ თანამედროვე განვითარების მხოლოდ ერთი გზა არ არსებობს, საჭიროა მხოლოდ სწორი მიმართულების პოვნა და მუხლჩაუხრელი სწრაფვა. ყველა გზა რომში მიდის.

40 წლის მანძილზე ჩინელი ხალხი დროის კვალდაკვალ ვითარდება და მუდამ ახალ გზას იკაფავს, რაც ჩინეთის ძლიერებაზე მეტყველებს. ჩინელი ხალხი ესწრაფვის გონების ემანსიპაციას, სიმართლის მოძიებას, შემოქმედებითი იდეების ცხოვრებაში დანერგვას, რაც იდეოლოგიური მართვის ძლიერებაზე მეტყველებს. ჩინელი ხალხი არ უფრთხის თვითგარდაქმნასა და თვითგანახლებას, მუდმივად აუმჯობესებს ჩინური სპეციფიკის სოციალიზმის სისტემას, აღმოფხვრის განვითარების შემაფერხებელ სისტემურ და ინსტიტუციურ ხარვეზებს, რაც წყობილების გარანტირებულობაზე მეტყველებს. ჩინელი ხალხი არ უფრთხის სიახლეების გამოცდას, პირველობას, აქტიურობას, ინიციატივის გამოჩენას, ნოვატორობას, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ჩინეთის 1.3 მილიარდიანი მოსახლეობა არის საკუთარი ქვეყნის ბატონ-პატრონი და ნამდვილი გმირი ხალხი, რომელიც ხელს უწყობს ისტორიის წინსვლას.

40 წლის მანძილზე ჩინელი ხალხი ყოველთვის ტოლერანტული და გახსნილი იყო. რეფორმებისა და გახსნილობის პოლიტიკა ჩინეთისა და მსოფლიოს ერთობლივი განვითარებისა და პროგრესის დიადი გზაა. ჩინეთი ინარჩუნებს გახსნილობის ძირითად სახელმწიფო პოლიტიკას, ქვეყნის კარს ფართოდ უღებს აღმშენებლობას, მან წარმატებით მოახერხა იზოლირებული და ნახევრად იზოლირებულიდან სრულად ღია სახელმწიფოზე გადასვლა. რეფორმებისა და გახსნილობის პოლიტიკაში კისრულობს ზესახელმწიფოს პასუხისმგებლობას, „უცხოურის მოზიდვის“ სტრატეგიიდან გადავიდა „ქვეყნის გარეთ გასვლის“ სტრატეგიაზე, მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციაში გაწევრიანებიდან მივიდა „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ მშენებლობამდე, აზიის ფინანსური კრიზისისა და მსოფლიო ფინანსური კრიზისის დასაძლევად უზარმაზარი წვლილი გაიღო. უკვე მრავალი წელია მსოფლიო ეკონომიკის ზრდაში ჩინეთის წილი 30%-ზე მეტია. ჩინეთი არის მსოფლიო ეკონომიკური წინსვლის სტაბილურობისა და ენერგიის მთავარი წყარო, რომელიც ხელს უწყობს კაცობრიობის განვითარებისა და მშვიდობის დიად საქმეს.

დღეს ჩინელ ხალხს შეუძლია სიამაყით თქვას, რომ რეფორმებისა და გახსნილობის პოლიტიკამ - ჩინეთის მეორე რევოლუციამ, არა მარტო ჩინეთი შეცვალა, არამედ მთელ მსოფლიოზე იქონია გავლენა.

„ყველაფერს თავისი კანონზომიერება აქვს, მხოლოდ გონივრულ ქმედებას მოაქვს პოზიტიური შედეგი“. ჩინეთის რეფორმებისა და გახსნილობის პოლიტიკა შეესაბამება ჩინელი ხალხის განვითარების, ინოვაციის, უკეთესი ცხოვრებისადმი ისტორიულ მოთხოვნებს, აგრეთვე შეესაბამება მსოფლიოს სხვადასხვა ხალხების განვითარების, თანამშრომლობის, მშვიდობიანი ცხოვრებისადმი სწრაფვის ეპოქის ტენდენციებს. ჩინეთის რეფორმებისა და გახსნილობის პოლიტიკის წარმატება კანონზომიერი და გარდაუვალია.

40 წლის მანძილზე რეფორმებისა და გახსნილობის პოლიტიკამ ჩინელ ხალხს ბევრი ღირებული რამ ასწავლა. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ქვეყნისა და ერის აღორძინებისთვის აუცილებელია ისტორიის ლოგიკაზე დაყრდნობით წინსვლა და ეპოქის ტენდენციის კვალდაკვალ განვითარება.

ქალბატონებო, ბატონებო, მეგობრებო!

დღეს ვხედავთ, რომ მსოფლიოში ძირეული ცვლილებები ხდება. კაცობრიობა კვლავაც არასტაბილურობისა და გაურკვევლობის წინაშე დგას. მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მრეწველობის სფეროების ახალმა რევოლუციამ კაცობრიობას განვითარების ახალი შესაძლებლობები და ამავდროულად, უპრეცედენტო გამოწვევები მოუტანა. ზოგიერთი ქვეყნისა და რეგიონის მოსახლეობა დღემდე ომისა და კონფლიქტის აჩრდილის ქვეშ ცხოვრობს. ბევრი მოხუცი, ქალი და ბავშვი ისევ შიმშილითა და სიღარიბით იტანჯება. კლიმატის ცვლილება, მძიმე გადამდები დაავადებები და სხვ. კვლავაც კაცობრიობის უდიდეს გამოწვევად რჩება. გახსნილობა თუ იზოლაცია, წინსვლა თუ უკან დახევა, კაცობრიობა ახალი მნიშვნელოვანი არჩევანის წინ დგას.

რთულ და ცვალებად მსოფლიოში ადამიანთა საზოგადოება საით უნდა წავიდეს? აზიის მომავალი სადაა? ვფიქრობ, ამ კითხვებზე პასუხის გაცემისას, თვალზე ბინდი არ უნდა გადაგვეკრას, „ღრუბლები უნდა გავფანტოთ“, ისტორიის კანონზომიერება მოვიშველიოთ და მსოფლიოს მდგომარეობა ისე გავაცნობიეროთ.

დღეს მსოფლიოში მშვიდობიანი თანამშრომლობის ტალღა აგორდა. მშვიდობა და თანამშრომლობა მსოფლიოს ხალხების საერთო გულისთქმაა. ცივი ომის მენტალიტეტი, ნულოვანჯამიანი თამაში - მოძველებული და დრომოჭმულია. მედიდურობითა და მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრით მხოლოდ წინააღმდეგობის კედელს თუ შეეჩეხები. მხოლოდ მშვიდობიან განვითარებასა და მხარდამხარ თანამშრომლობას შეუძლია ყველა მხარისათვის სარგებლის მოტანა.

დღეს მსოფლიოში გახსნილობისა და ურთიერთგაცვლის ტალღა აგორდა. კაცობრიობის განვითარების ისტორია გვასწავლის, რომ გახსნილობას მოსდევს პროგრესი, ხოლო ჩაკეტილობას - ჩამორჩენა. მსოფლიო უკვე იქცა „გლობალურ სოფლად“, სადაც „მე“ და „შენ“ განუყრელი თანამგზავრები ვართ. ქვეყნების ეკონომიკური და სოციალური განვითარება დღითიდღე უფრო მეტად უკავშირდება ერთმანეთს და ზემოქმედებს ერთურთზე. საერთო კეთილდღეობის მისაღწევად ურთიერთკავშირებისა და კომუნიკაციის ხელშეწყობა და ურთიერთშეთანხმებული განვითარება - კანონზომიერი არჩევანია.

დღეს მსოფლიოში ტრანსფორმაციისა და ინოვაციის ტალღა აგორდა. ჩვენმა ჩინელმა წინაპრებმა ჯერ კიდევ 2500 წლის წინ გააცნობიერეს, რომ „ხალხის ინტერესებს თუ ემსახურება, საქმის კეთებისას არაა აუცილებელი წარსული გამოცდილებითა და ყველასათვის მისაღები მეთოდებით მოქმედება“. ტრანსფორმაცია და ინოვაცია ადამიანთა საზოგადოების წინსვლისა და განვითარების მამოძრავებელი ძალაა. ის, ვინც უარყოფს გარდაქმნასა და სიახლეს, დროებას ჩამორჩება და ასპარეზობას გამოეთიშება.

ისტორიის მსვლელობიდან და ხალხის კეთილდღეობიდან გამომდინარე, მე „კაცობრიობის ერთობლივი განვითარებისთვის საერთო მომავლის მქონე საზოგადოების“ ჩამოყალიბების ინიციატივით გამოვედი და ამასთან დაკავშირებით შესაბამის მხარეებთან ბევრჯერ გავცვალეთ მოსაზრებები. მოხარული ვარ, რომ უფრო და უფრო მეტი ქვეყანა და ხალხი მიესალმება და იწონებს ამ ინიციატივას. იგი შეტანილ იქნა გაეროს მნიშნელოვან დოკუმენტებში. იმედი მაქვს, რომ ქვეყნები გააერთიანებენ მორალურ და ფიზიკურ ძალისხმევას, მხარდამხარ წავლენ წინ და ერთად იშრომებენ „კაცობრიობის ერთობლივი განვითარებისთვის საერთო მომავლის მქონე საზოგადოების“ შესაქმნელად, ერთად შექმნიან მშვიდ, აყვავებულ, ღია და ლამაზ აზიასა და მსოფლიოს.

მომავალში ჩვენ პატივი უნდა ვცეთ და თანასწორად მოვეპყროთ ერთმანეთს, უნდა ვუერთგულოთ მშვიდობიანი თანაცხოვრების ხუთ პრინციპს, პატივი უნდა ვცეთ ქვეყნების მიერ დამოუკიდებლად არჩეულ სოციალურ წყობასა და განვითარების გზას, პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთის ძირითად ინტერესებსა და ერთმანეთისთვის საყურადღებო მნიშვნელოვან საკითხებს, სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში უნდა ავირჩიოთ დიალოგისა და არა კონფრონტაციის, პარტნიორობისა და არა ალიანსში შესვლის გზა, უნდა შევეშვათ საკუთარი თავის სხვაზე მაღლა დაყენებასა და სხვის წაგებაზე საკუთარი მოგების ნულოვანჯამიან თამაშს, უნდა შევეშვათ საკუთარი პრობლემების სხვის ხარჯზე მოგვარებას, სუსტის ჩაგვრას, ძალადობასა და დაშინებას, მართებულად მოვაგვაროთ წინააღმდეგობა და უთანხმოება, ვიშრომოთ ხანგრძლივი მშვიდობისთვის.

მომავალში უნდა გავმართოთ დიალოგი და კონსულტაციები, ერთად ვიკისროთ პასუხისმგებლობა, ვუერთგულოთ კოლექტიური, კომპლექსური, კოლაბორაციული და მდგრადი უსაფრთხოების იდეას, გაეროს წესდების მიზნებისა და პრინციპების მიხედვით დავიცვათ საერთაშორისო წესრიგი და წყობა, შეთანხმებულად ვიმოქმედოთ ტრადიციული და არატრადიციული გამოწვევების წინააღმდეგ, გავაძლიეროთ ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობა, ხელი შევუწყოთ უსაფრთხოების სხვადასხვა მექანიზმების კოორდინირებას, ინკლუზიურობას, თავსებადობასა და თანამშრომლობას, რომ ერთგან რამეზე საფუძველის ჩაყრით სხვა რამეს ძირი არ გამოეთხაროს. უნდა მივაღწიოთ საყოველთაო და ერთობლივ უსაფრთხოებას.

მომავალში უნდა გავაერთიანოთ ძალები, გავაძლიეროთ ყველა მხარისათვის მომგებიანი თანამშრომლობა; განვაგრძოთ გახსნილობისა და ურთიერთგაცვლის კურსი; შევქმნათ მსოფლიო ეკონომიკის ღია მოდელი; გავაძლიეროთ დიდი ოცეულის, აზიის და წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციისა და სხვა მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობა; ხელი შევუწყოთ ვაჭრობისა და ინვესტიციების ლიბერალიზაციასა და გამარტივებას; დავიცვათ მრავალმხრივი ვაჭრობის სისტემა; ახალი ტექნოლოგიების, ინდუსტრიების, მოდელების შექმნით ხელი შევუწყოთ ეკონომიკური გლობალიზაციის ღია, ინკლუზიური, უნივერსალური, თანაბარი და მომგებიანი მიმართულებით განვითარებას.

მომავალში უნდა ვიყოთ ტოლერანტულები, განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად შევინარჩუნოთ თანხმობა; ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში გავაძლიეროთ თანამშრომლობა კულტურის, განათლების, ტურიზმის, ახალგაზრდულ საქმეთა, მედიის, ჯანდაცვის, სიღარიბის დაძლევისა და სხვა სფეროებში; ხელი შევუწყოთ კულტურათა დიალოგს; კულტურული კავშირები ვაქციოთ სხვადასხვა ხალხის დამაკავშირებელ მეგობრობის ხიდად, საზოგადოების პროგრესის მამოძრავებელ ძალად, რეგიონსა და მსოფლიოში მშვიდობის დამცველ რგოლად.

მომავალში უნდა მოვუფრთხილდეთ ბუნებას, გვიყვარდეს ჩვენი პლანეტა, დავნერგოთ მწვანე, დაბალნხაშირბადიანი და მდგრადი განვითარების ცნება; პატივი ვცეთ, მოვუფრთხილდეთ და დავიცვათ ეკოლოგია; გავაძლიეროთ თანამშრომლობა კლიმატის ცვლილების, გარემოს დაცვის, ენერგორესურსების დაზოგვისა და ემისიის შემცირების მიმართულებით; ერთმანეთს გავუზიაროთ გამოცდილება, ერთად შევხვდეთ დაბრკოლებას; გზა გავუხსნათ ისეთი ცივილიზაციის განვითარებას, რომელსაც ექნება განვითარებული წარმოება, მატერიალური კეთილდღეობა და კარგი ეკოლოგია; ჩვენს შთამომავლობას დავუტოვოთ ცისფერი ცა, ლურჯი ზღვა, კამკამა წყალი და მწვანე მთა.

ქალბატონებო, ბატონებო, მეგობრებო!

გასული წლის ოქტომბერში ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-19 ყრილობა ჩატარდა, რომელმაც ჩინური სპეციფიკის მქონე სოციალიზმის ახალი ეპოქის დაწყება გამოაცხადა და ქვეყნის თანამედროვე სოციალისტურ ზესახელმწიფოდ გარდაქმნის გეგმა შეიმუშავა. ჩინური სპეციფიკის მქონე სოციალიზმის ახალი ეპოქა დაიწყო, ჩინელი ხალხის აღორძინების და ჩინეთის მსოფლიოსთან შერწყმით განვითარების ერა დაიწყო.

ყველა ეპოქაში არის პრობლემები, ყველა თაობას აქვს თავისი მისია. მიუხედავად იმისა, რომ უკვე მრავალი დაბრკოლება გადავლახეთ, წინ გრძელი და რთული გზა გვაქვს გასავლელი. ახალ დროებაში ჩინელი ხალხი განაგრძობს წინსვლას, საკუთარი თავის გარდაქმნას, ყოვლისმომცველი რეფორმების გატარებას. ჩინელი ხალხი გადალახავს ყველანაირ წინააღმდეგობას, არ შეუშინდება მოძველებული აზროვნებისა და ნაკლოვანებათა აღმოფხვრას და ბოლომდე მიიყვანს რეფორმებს. ჩინეთი განაგრძობს ახლის შექმნას, ხელს შეუწყობს განვითარებას, რომელიც იქნება ხალხზე ორიენტირებული, შეიმუშავებს განვითარების ახალ ხედვას, შექმნის თანამედროვე ეკონომიკურ სისტემას, გააღრმავებს „წინადადების ასპექტის“ კონსტრუქციულ რეფორმას, დააჩქარებს ინოვაციური განვითარების, სოფლების აღორძინების და რეგიონების კოორდინირებულად განვითარების სტრატეგიების განხორციელებას; დაეხმარება გაჭირვებულ მოსახლეობას და კონკრეტულ ზომებს მიიღებს სიღარიბის აღმოსაფხვრელად; ხელს შეუწყობს სოციალურ სამართლიანობას; იზრუნებს, რომ ხალხს ჰქონდეს წარმატების, ბედნირებისა და უსაფრთხოების შეგრძნება. ჩინელი ხალხი კიდევ უფრო გააფართოვებს გახსნილობის მასშტაბებს, გააძლიერებს თანამშრომლობას, გაატარებს ყველა მხარისათვის მომგებიან ღია სტრატეგიას, თანაბარ ყურადღებას დაუთმობს „უცხოურის მოზიდვის“ და „ქვეყნის გარეთ გასვლის“ სტრატეგიებს, ხელს შეუწყობს ხმელეთისა და ზღვის, აღმოსავლეთისა და დასავლეთის ერთმანეთთან დაკავშირებას, ვაჭრობისა და ინვესტიციების ლიბერალიზაციისა და გამარტივებისთვის გაატერებს მაღალი დონის პოლიტიკას, გამოიკვლევს ჩინური სპეციფიკის თავისუფალი პორტების შექმნის იდეას. ჩინელი ხალხი კაცობრიობისთვის მეტ ღვაწლს გაიღებს, მტკიცედ განაგრძობს მშვიდობიანი განვითარების გზაზე სვლას, გლობალური პარტნიორული ურთიერთობების განვითარებას, ხელს შეუწყობს მულტილატერალიზმს, მონაწილეობას მიიღებს გლობალური მართვის სისტემის რეფორმირებაში, საერთაშორისო ურთიერთობების ახალი მოდელისა და „საერთო მომავლის მქონე საზოგადოების“ შექმნაში.

რა დონესაც არ უნდა მიაღწიოს ჩინეთის განვითარებამ, ჩვენ არავის შევუქმნით საფრთხეს, არ შევარყევთ ამჟამინდელ საერთაშორისო სისტემას, არ ვესწრაფვით გავლენის სფეროების ჩამოყალიბებას. ჩინეთი მუდამ იყო და იქნება მსოფლიოში მშვიდობის შემქმნელი, გლობალური განვითარების ხელშემწყობი და საერთაშორისო წესრიგის დამცველი.

ქალბატონებო, ბატონებო, მეგობრებო!

თვალს თუ გადავავლებთ მსოფლიოს განვითარების ტენდენციებს, ცხადი გახდება, რომ ეკონომიკური გლობალიზაცია შეუქცევადი პროცესია. ამ დასკვნაზე დაყრდნობით, ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-19 ყრილობაზე ანგარიშის წარდგენისას მე ხაზი გავუსვი, რომ ჩინეთი ინარჩუნებს გახსნილობის ძირითად სახელმწიფო პოლიტიკას და კარს უღებს აღმშენებლობას. მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩინეთის კარი არ დაიხურება, პირიქით, უფრო და უფრო ფართოდ გაიღება!

პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ გასული 40 წლის მანძილზე ჩინეთმა გახსნის შედეგად მიაღწია ეკონომიკურ განვითარებას. მომავალში ჩინეთის ეკონომიკის მაღალხარისხიანად განვითარების საფუძველი კიდევ უფრო ღია პოლიტიკა იქნება. ეს სტრატეგიული არჩევანი ჩინეთის განვითარების მოთხოვნებიდან გამომდინარეობს. ამავდროულად, ეს არის პრაქტიკული ღონისძიება იმისთვის, რომ ეკონომიკურმა გლობალიზაციამ კეთილდღეობა მოუტანოს მსოფლიოს ხალხებს.

გახსნილობის პოლიტიკის კიდევ უფრო გაფართოებისთვის ჩინეთი შემდეგი ზომების მიღებას გეგმავს.

პირველ რიგში, გავამარტივებთ ბაზარზე წვდომას. წელს ჩვენ რამდენიმე ღონისძიების გატარებას ვაპირებთ. დავიწყოთ მომსახურებისა და საფინანსო ინდუსტრიით. გასული წლის ბოლოს უკვე განვაცხადეთ უცხოური კომპანიების მიერ საბანკო, საფონდო ბირჟებისა და სადაზღვევო წილების მფლობელობაზე შეზღუდვების შემცირების შესახებ. ამავდროულად, ვგეგმავთ, კიდევ უფრო დავაჩქაროთ სადაზღვევო ინდუსტრიის გახსნის პროცესი, შევამციროთ უცხოური საფინანსო ინსტიტუტების ჩინეთში შექმნაზე დაწესებული შეზღუდვები და გავაფართოოთ მათი საქმიანობის არეალი, ხელი შევუწყოთ ჩინეთისა და უცხოურ ფინანსურ ბაზრებს შორის თანამშრომლობის გაფართოებას. რაც შეეხება წარმოებას, ეს სფერო თითქმის ბოლომდე გახსნილია, შეზღუდვები არსებობს მხოლოდ საავტომობილო, გემთმშენებლობის, საჰაერო ხომალდებისა და კიდევ რამდენიმე ინდუსტიაში. ამჟამად ვამზადებთ საფუძველს მათ გასახსნელად და უახლოეს მომავალში ვგეგმავთ უცხოური კომპანიების მიერ წილების მფლობელობაზე შეზღუდვების მოხსნას, განსაკუთრებით კი საავტომობილო ინდუსტრიაში.

მეორე, ვაპირებთ შევქმნათ უფრო მიმზიდველი საინვესტიციო გარემო. საინვესტიციო გარემო ჰაერივითაა. მხოლოდ ჯანსაღ გარემოს შეუძლია ინვესტიციების მოზიდვა. წარსულში ჩინეთი უცხოური კაპიტალის მოსაზიდად შეღავათიან პოლიტიკას ეყრდნობოდა, ახლა კი საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას ეყრდნობა. ჩვენ ვაპირებთ კიდევ უფრო დავუახლოვდეთ საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკურ რეგულაციებს; დავიცავთ გამჭვირვალობას, საკუთრების უფლებას, კანონის უზენაესობას; ხელს შევუწყობთ კონკურენციის გაზრდას, ვიბრძოლებთ მონოპოლიის წინააღმდეგ. ამ წლის მარტში ჩვენ დავაარსეთ ბაზრის რეგულირების ეროვნული ადმინისტრაცია და სხვა ახალი ინსტიტუტები. ამგვარად, ვახორციელებთ არსებული სამთავრობო სტრუქტურების ძირეულ რეორგანიზაციას, რათა აღმოვფხვრათ ინსტიტუციური ხარვეზები, რესურსების განაწილებაში ბაზარმა იკისროს ძირითადი ფუნქცია და გაუმჯობესდეს მთავრობის როლი. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ჩვენ დავასრულებთ „უარყოფით ნუსხაზე“ (Negative List) მუშაობას და შემოვიღებთ ადმინისტრაციულ რეჟიმს, რითაც წინასაინვესტიციო ეტაპზე ეროვნული რეჟიმი, ბაზარზე დაშვება და „უარყოფითი ნუსხა“ ერთმანეთს დაუკავშირდება (Pre-establishment national treatment with a negative list).

მესამე, უკეთ დავიცავთ ინტელექტუალურ საკუთრებას. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს ზოგადად საკუთრების დაცვის სრულყოფისთვის. იგი აგრეთვე გაზრდის ეკონომიკურ კონკურენციას. ამ საკითხში ჩინურ კომპანიებს უცხოურ კომპანიებზე გაცილებით მეტი მოთხოვნა აქვთ. წელს ჩვენ თავიდან ვაარსებთ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ სააგენტოს, ვაფართოებთ მის უფლებამოსილებას, კანონის დარღვევისთვის საგრძნობლად ვზრდით სანქციებს, ყველანაირად გამოვიყენებთ კანონის ძალით დაშინების მეთოდს. ჩვენ მოვუწოდებთ ჩინურ და უცხოურ კომპანიებს ჩვეულებრივ განაგრძონ თანამშრომლობა. ჩვენ დავიცავთ უცხოური კომპანიების ინტელექტუალურ საკუთრებას ჩინეთში და იმედი გვაქვს, რომ სხვა მთავრობებიც იგივენაირად მოეპყრობიან ჩინური კომპანიების ინტელექტუალურ საკუთრებას თავიანთ ქვეყნებში.

მეოთხე, აქტიურად გავზრდით იმპორტს. შიდა მოთხოვნა ჩინეთის ეკონომიკური განვითარების ძირითადი ძალაა. ხალხის მიერ უკეთესი ცხოვრებისადმი მზარდი მოთხოვნილების დაკმაყოფილება აუცილებელია. ჩინეთის მიზანი სავაჭრო ბალანსის აქტიური სალდოს მიღწევა არაა. ჩვენ რეალურად გვსურს იმპორტის გაზრდა და მიმდინარე ოპერაციების ხელშეწყობით გადასახადის ბალანსის დაცვა. წელს მნიშვნელოვნად შევამცირებთ ავტომობილის იმპორტის ტარიფებს, ნაწილობრივ შევამცირებთ სხვა პროდუქციის იმპორტის ტარიფებსაც, ხელს შევუწყობთ საზოგადოების ფართო მოთხოვნის ნაწარმის იმპორტს; დავაჩქარებთ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის სახელმწიფო შესყიდვების შეთანხმებასთან მიერთების პროცესს. ვიმედოვნებთ, რომ განვითარებული ქვეყნები მაღალტექნოლოგიური პროდუქციით ვაჭრობაზე ხელოვნური შეზღუდვების დაწესებას შეწყვეტენ და ამ პროდუქციის ჩინეთში ექსპორტზე კონტროლს შეარბილებენ. ამ წლის ნოემბერში ქალაქ შანხაიში პირველად ჩატარდება ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის ექსპო. ეს არ არის ჩვეულებრივი გამოფენა, რადგან იგი სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული პოლიტიკის შედეგია. მოხარული ვიქნებით, გიმასპინძლოთ ამ ღონისძიებაზე.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ აქ დეკლარირებულ ინიციატივებს ჩვენ რაც შეიძლება მოკლე დროში მოვიყვანთ სისრულეში, რათა გახსნილობის პოლიტიკამ რაც შეიძლება მალე მოუტანოს შედეგები როგორც ჩინეთის, ისე სხვა ქვეყნების კომპანიებსა და ხალხს. დარწმუნებული ვარ, ეს ღონისძიებები ჩინეთის ფინანსურ კონკურენტუნარიანობას საგრძნობლად გაზრდის, კაპიტალის ბაზარს ჯანსაღად განავითარებს, მრეწველობის თანამედროვე სისტემის შექმნას დააჩქარებს, ჩინეთის ბაზარზე გარემოს გააუმჯობესებს და ინტელექტუალურ საკუთრებას უკეთ დაიცავს. შედეგად, ჩინეთის გახსნილობის პოლიტიკა ახალ ეტაპზე გადავა.

5 წლის წინ მე პირადად გავაჟღერე „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივა. ამ 5 წლის მანძილზე, უკვე 80-ზე მეტმა ქვეყანამ თუ საერთაშორისო ორგანიზაციამ გააფორმა ჩინეთთან თანამშრომლობის შეთანხმება. „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივა ჩინეთიდან წამოვიდა, მაგრამ მას მთელი მსოფლიოსთვის მოაქვს სარგებელი და შედეგები. ჩინეთი გეოპოლიტიკურ თამაშს არ თამაშობს, არც დახურულ და ექსკლუზიურ კლუბს არ ქმნის, არც ვინმეს მოსყიდვას თუ გადაბირებას არ ცდილობს. აღსანიშნავია, რომ „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ სრულიად ახალი რამაა. თანამშრომლობისას განსხვავებული მოსაზრებების ქონა სავსებით ნორმალურია. მხარეებმა საჭიროა მხოლოდ დაიცვან „ერთობლივი მსჯელობის, ერთობლივი მშენებლობისა და ერთობლივი სარგებლის“ პრინციპი და თანამშრომლობა აუცილებლად განვითარდება და უთანხმოება გადაიჭრება. ეკონომიკური გლობალიზაციის ტენდენციების გათვალისწინებით შეგვიძლია „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ საერთაშორისო თანამშრომლობის ფართო პლატფორმად ვაქციოთ, რომელიც კეთილდღეობას მოუტანს მსოფლიოს ხალხებს.

ქალბატონებო, ბატონებო, მეგობრებო!

„მიწა მთად იქცევა და წყალი ზღვადო“. ბედნიერება და ნათელი მომავალი თავისით არ მოვა. წარმატებას - გამბედაობა და პატიოსანი შრომა სჭირდება. მოდით, ერთად გადავდგათ ნაბიჯი მიზნების მისაღწევად, ხელი შევუწყოთ ღია და ყველა მხარისათვის მომგებიანი ურთიეთობების განვითარებას, ტრანსფორმაციასა და ინოვაციას, „კაცობრიობის ერთობლივი განვითარებისთვის საერთო მომავლის მქონე საზოგადოების“ ჩამოყალიბებას. ერთად შევქმნათ აზიისა და მსოფლიოს ნათელი მომავალი!

დასასრულს მინდა წარმატება ვუსურვო 2018 წლის ბოაოს აზიის ფორუმს!

გმადლობთ!



[Suggest to a Friend]
       [Print]