Home   Ambassador Info   Embassy Info   Foreign Ministry Spokersperson's Remarks   Bilateral Relations   Consular Service   Economy & Trade   Education   Science & Tech   Culture
    Home > News
„იმპორტის აქტიური გაფართოება და განვითარების შესაძლებლობების გაზიარება"ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის პირველი ექსპო იხსნება
2018-11-01 19:06

 

2018 წლის 5-10 ნოემბერს, შანხაიში ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის პირველი ექსპო იმართება. ეს არის მსოფლიოში პირველი სახელმწიფო დონის  გამოფენა იმპორტის თემაზე, რომელშიც 3 საერთაშორისო ორგანიზაცია, 130-ზე მეტი ქვეყანა და 2800-ზე მეტი კომპანია მონაწილეობს. დაგეგმილია 100-ზე მეტი ღონისძიება, ხოლო პროფესიონალი მყიდველების რაოდენობა 150 000-ს აღემატება. ექსპოს ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ჩინურ მხარესთან განიხილავენ საერთაშორისო ეკონომიკურ მდგომარეობასა და პერსპექტივებს, შეიმუშავებენ რეკომენდაციებს საერთო განვითარებისა და კეთილდღეობისათვის, ხოლო სხვადასხვა ქვეყნის ბიზნესწრეების წარმომადგენლებს ექნებათ შესაძლებლობა გამოიყენონ ეს პლატფორმა, რათა სრულად წარმოაჩინონ წარმოების პრიორიტეტული დარგები და თავიანთი საუკეთესო პროდუქცია. მომავალი ერთი კვირის განმავლობაში შანხაი მსოფლიო ყურადღების ცენტრში იქნება.

2017 წლის მაისში ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინფინგმა „სარტყელისა და გზის" საერთაშორისო თანამშრომლობის ფორუმზე განაცხადა, რომ ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის ექსპო 2018 წლიდან ჩატარდებოდა. მიმდინარე წლის აპრილში პრეზიდენტმა სიმ ბოაოს 2018 წლის აზიურ ფორუმზე აღნიშნა, რომ ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის ექსპო არ არის ჩვეულებრივი გამოფენა, იგი ჩინეთის მიერ საკუთარი ინიციატივით ბაზრის გახსნილობის მნიშვნელოვანი პოლიტიკის დეკლარირებაა. საერთაშორისო იმპორტის ექსპოს ჩინეთისა და მსოფლიოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

იმპორტის ექსპო - ჩინეთის მიერ რეფორმებისა და გახსნილობის პოლიტიკის გაგრძელებისა და გაღრმავებისათვის გატარებული მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. წელს რეფორმებისა და გახსნილობის პოლიტიკის დაწყებიდან 40 წელი შესრულდა. 40 წლის მანძილზე, ჩინეთის კომპარტიის ხელმძღვანელობით, ჩინელმა ხალხმა გადალახა უამრავი დაბრკოლება, გამოიჩინა გამბედაობა და დაადგა სიახლის გზას. შედეგად, ღარიბი და ჩამორჩენილი ჩინეთი მსოფლიოს მეორე უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანა და პირველი ინდუსტრიული, სავაჭრო და უცხოური სავალუტო რეზერვის მქონე ქვეყანა გახდა. რეფორმებისა და გახსნილობის პოლიტიკამ წარმოქმნა ჩინური სასწაული, რაც პრაქტიკაშიც დადასტურდა. თუმცა, ჩინეთი ვერ განვითარდება მსოფლიოს გარეშე და თავის მხრივ, მსოფლიო განვითარებასაც სჭირდება ჩინეთი. სი ძინფინგმა საზეიმოდ განაცხადა, რომ ჩინეთი გააგრძელებს გახსნილობის პოლიტიკას, კიდევ უფრო ფართოდ გაუღებს კარებს გარე სამყაროსა და ქვეყნის აღმშენებლობას. ამისათვის, ჩინეთი მნიშვნელოვნად გაზრდის ბაზრის ხელმისაწვდომობას, შექმნის კიდევ უფრო მიმზიდველ საინვესტიციო გარემოს, გააძლიერებს ინტელექტუალური საკუთრების დაცვას და საკუთარი ინიციატივით გააფართოებს იმპორტს. იმპორტის ექსპო - ამ ღონისძიებების სისრულეში მოყვანისთვის გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ჩინეთი ხელგაშლილი შეხვდება მსოფლიოს, განვითარების მეტ შესაძლებლობას წარმოქმნის და დანარჩენ სამყაროს გაუზიარებს „ჩინურ სიბრძნესა" და „ჩინურ ხედვას".

იმპორტის ექსპო - ჩინეთის მიერ ეკონომიკური გლობალიზაციის და ვაჭრობის ლიბერალიზაციის მხარდაჭერის მნიშვნელოვანი გამოხატულებაა. ბოლო წლებში, მსოფლიო ეკონომიკის ზრდა შესუსტდა. სავაჭრო პროტექციონიზმისა და უნილატერალიზმის ტენდენციები გამოცოცხლდა, ხოლო ეკონომიკური გლობალიზაცია და ვაჭრობის ლიბერალიზაცია შეფერხდა. ჩინეთი, როგორც ეკონომიკური გლობალიზაციისა და ვაჭრობის ლიბერალიზაციის აქტიური მხარდამჭერი და დამცველი, ყოველთვის მიესალმება ქვეყნების ჩართულობასა და განვითარების ახალი შესაძლებლობების გაზიარებას. ჩინეთი ყოველთვის პრაქტიკული ნაბიჯებით უწყობს ხელს ეკონომიკურ გლობალიზაციას და მსოფლიოს ხალხების კეთილდღეობას, მსოფლიო ეკონომიკის ღია მოდელის განვითარებასა და მრავალმხრივი სავაჭრო სისტემის შენარჩუნებას, ეკონომიკური გლობალიზაციის უფრო ღია, ინკლუზიური, ყოვლისმომცველი, დაბალანსებული და მომგებიანი მიმართულებით განვითარებას. მიმდინარე წლის პირველი სამი კვარტლის მონაცემებით, ჩინეთის სასაქონლო ექსპორტ-იმპორტის საერთო მაჩვენებელმა 22 ტრილიონ იუანს გადააჭარბა და 9.9%-ით გაიზარდა, ხოლო მხოლოდ იმპორტი 14.1%-ით გაიზარდა. ამ ფონზე, იმპორტის ექსპო ხელს შეუწყობს ქვეყნებს გაზარდონ თავიანთი ექსპორტი ჩინეთში. ამავდროულად, ექსპო წარმოადგენს ეფექტურ პლატფორმას, რათა ქვეყნებმა განავითარონ საერთაშორისო ვაჭრობა და ერთმანეთს გაუზიარონ თანამშრომლობის შესაძლებლობები. ჩინეთი პრაქტიკული ქმედებებით ასრულებს თავის ვალდებულებას ეკონომიკური გლობალიზაციისა და ვაჭრობის ლიბერალიზაციისათვის.

იმპორტის ექსპო - „სარტყელისა და გზის" თანამშრომლობის ხელშეწყობისა და „კაცობრიობის ერთობლივი განვითარებისთვის საერთო მომავლის მქონე საზოგადოების" შექმნის მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. მას შემდეგ, რაც 2013 წელს პრეზიდენტმა სი ძინფინგმა „ერთი სარტყელი, ერთი გზის" ინიციატივა გააჟღერა, ჩინეთმა უკვე ასზე მეტ ქვეყანასთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან გააფორმა თანამშრომლობის დოკუმენტები. ჩინეთსა და ინიციატივის მონაწილე ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 5.5 ტრილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა და ჩინეთი სარტყლის გასწვრივ მდებარე 25 ქვეყნის უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად იქცა. 5 წლის მანძილზე, „ერთი სარტყელი, ერთი გზა" იდეიდან და სამომავლო პერსპექტივიდან რეალობად იქცა და ყველაზე პოპულარული საერთაშორისო საზოგადოებრივი პროდუქტი გახდა. იმპორტის ექსპო  „ერთი სარტყელი, ერთი გზის" მშენებლობაში ვაჭრობის მნიშვნელოვან და წამყვან როლს კიდევ უფრო გაზრდის, ხელს შეუწყობს ჩინეთისა და მსოფლიო ინტერესების დაახლოებას და თანამშრომლობის გზების გაფართოებას. ჩინეთი კვლავაც გააგრძელებს სხვა ქვეყნებთან ურთიერთობებში „ერთობლივი მსჯელობის, ერთობლივი მშენებლობისა და ერთობლივი სარგებლის" პრინციპის დაცვას, რათა ერთად შევქმნათ „საერთო მომავლის მქონე საზოგადოება კაცობრიობის ერთობლივი განვითარებისთვის".

საქართველო რეგიონში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ამავდროულად, იგი „ერთი სარტყელი, ერთი გზის" მონაწილე ქვეყანაა.  მან ერთ-ერთმა პირველმა გააფორმა ჩინეთთან „ერთი სარტყელი, ერთი გზის" თანამშრომლობის დოკუმენტი და ევრაზიის რეგიონში პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი დაამყარა. ჩინეთ-საქართველოს თანამშრომლობა „დროულობას, ხელსაყრელ გეოგრაფიულ მდებარეობასა და ხალხის თანხმობას" ეფუძნება. ორმხრივ თანამშრომლობას განვითარების დიდი პერსპექტივა აქვს. ჩინეთი საქართველოს რიგით მესამე სავაჭრო პარტნიორია. მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში ორმხრივმა სავაჭრო ბრუნვამ 810 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ამასთანავე, ჩინეთი ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორიცაა. საქართველოში განხორციელებული ჩინური ინვესტიციების საერთო მოცულობა 600 მილიონ აშშ დოლარზე მეტია. ჩინეთი დადებითად აფასებს საქართველოს ტურიზმის განვითარებას. წელს საქართველოში ჩინელი ვიზიტორების რაოდენობა 90%-ით გაიზარდა. ქართული ღვინო, მინერალური წყლები და სხვა მაღალი ხარისხის ნაწარმი ჩინეთში ძალიან პოპულარულია.

დარწმუნებული ვარ, შანხაის იმპორტის ექსპოში მონაწილეობით, საქართველო აქტიურ კავშირს დაამყარებს ჩინეთთან და მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებთან, გააცნობს საკუთარ პოტენციალს, წარმოაჩენს საქართველოს თავისებურებებსა და უპირატესობებს, ღრმა შთაბეჭდილებას დატოვებს ჩინეთსა და მთელ მსოფლიოზე და უფრო მეტი ქართული პროდუქტი დაიმკვიდრებს საკუთარ ადგილს ჩინეთში. ჩინური მხარე მზადაა გააგრძელოს საქართველოსთან მუშაობა პოლიტიკური კომუნიკაციისა და თავსებადობის გაზრდის, თანამშრომლობის პოტენციალის  გაღრმავების, სხვადასხვა სფეროში უფრო ნაყოფიერი შედეგების მიღწევისა და ორი ქვეყნის  მოსახლეობის კეთილდღეობისთვის.

ჩინეთის პრეზიდენტის - სი ძინფინგის მიწვევით საქართველოს პრემიერ-მინისტრი -მამუკა ბახტაძე ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის პირველ ექსპოს დაესწრება. გამოფენის ფარგლებში, 52 ქართული კომპანია მსოფლიო ხალხებს გააცნობს უნიკალურ და საუკეთესო ქართულ ნაწარმს. ჩინეთი გულწრფელად მიესალმება საქართველოს აქტიურ ჩართულობას ამ გლობალურ ღონისძიებაში და იმედოვნებს, რომ საქართველო გამოიყენებს ამ პლატფორმას ჩინელი და სხვა მომხმარებლების კეთილგანწყობის მოსაპოვებლად. ვუსურვებ საქართველოს   ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის პირველ ექსპოში წარმატებას!



[Suggest to a Friend]
       [Print]